ერთი ეპისკოპოსი კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ და ლიბერალების "დანგრევისკენ" მოუწოდებს, ანუ კურთხევას აძლევს მრევლს, ხოლო მეორე არამარტო ქადაგებს იგივეს და უფრო აგრესიულად საეპისკოპოსო ამბიონიდან, არამედ ეფექტურად ახორციელებდა კიდეც დაუმორჩილებლობის აქტს კანონისა და სახელმწიფოსადმი, სანამ მოზარდები არ ალაპარაკდნენ და ინფანტილიზმის, გადაღლის, იმედგაცრუების, შიმშილის გამო გათანგული და ლეთარგიულ ძილს მიცემული საზოგადოება, მათი დრამატული ისტორიების მოსმენის შემდეგ ლამის ფეხზე არ დადგა.
ნებისმიერი სივრცე, რაც არ უნდა კეთილი მიზნებით იყოს შექმნილი, თუ გარე სამყაროსთვის იკეტება, და მიუწვდომელია სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების თვალისთვის - საშიშია. და საშიშია მათ შორის თავად ამ ინსტიტუტების რეპუტაციისა და ავტორიტეტისთვის. განსაკუთრებით იმ ინსტიტუტებისთვის, რომლებიც მთელს თავის ძლიერებას, მორალურ უპირატესობას აფუძნებენ. რადგან ჭირმა თავი გარკვეული პერიოდით შეიძლება მალოს, მაგრამ ბოლოს უფრო მწარედ შეახსენებს თავს ყველას.
2011 წელს, და მანამდეც, პირადად მე, მაშინდელი სახალხო დამცველის მოხსენების პარალელურად რამდენჯერმე დავაყენე საკითხი ციხეებში არსებული სიტუაციის სასწრაფოდ შესწავლის აუცილებლობასა და მონიტორინგზე. მაშინაც, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყურად არ იღეს საშიში სიგნალები, რადგან ამბავს ვყვებოდით, მაგრამ კადრები და ვიდეო მტკიცებულებები არ გვქონდა. შემდეგ კადრებიც გამოჩნდა და რით დამთავრდა ეს ამბავი - ვიცით.
ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ბავშვებს ეხება, სინოდის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა დუმს, ერთეულისგან ისმის საღი აზრი, და ვინც საკუთარ თავზე აიღო ეკლესიის და საპატრიარქოს სახელით საუბრის პასუხისმგებლობა ნელნელა მეუფე სპირიდონის მიერ დაწესებულ სტანდარტს უახლოვდება, თუმცა ჯერ ვერ ჯობნის. ამას დრო და "დამსახურება" სჭირდება, ისევე, როგორც ეს თავად სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა დაიმსახურა ერთის მხრივ ლიბერალური, ნუ რა ნაწილში საკამათოა, მაგრამ მაინც ავტორიტარული ნიშნებით ლიბერალური მოდერნიზაციის სიმბოლოსთან მიხეილ სააკაშვილთან და ნაცმოძრაობის მთავრობასთან უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობით. შემდეგ კი ნელნელა იქცა ჩვენი ეკლესიის ყველაზე ანტიდასავლური, ანტისეკულარული, ჰომოფობიური, ეთნოფობიური და კონსპიროლოგიურ თეორიებზე დაფუძნებული, უაღრესად აგრესიული ფრთის სულიერ ლიდერად.
ამ ფრთაში შედიან საპატრიარქოს გარშემო არსებული სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც თავიანთი ძალის დემონსტრირებას არამარტო გარეთ, თავად ეკლესიის შიგნითაც არ ერიდებიან. მათთან დაპირისპირებას ბევრი არიდებს თავს და მათ მიერ ზურგგამაგრებულ უმაღლეს იერარქებთან შედარებით, სინოდის სხვა წევრები უკიდურესად თავშეკავებულად გამოიყურებიან. აქედან შედეგიც: დღეს როცა საპატრიარქოს ახსენებ, მომენტალურად ან იარაღის ჟღარუნით პოლიტიკურ პროცესზე კომენტატორი იაკობი გაგახსენდება, ან ყველა თემაზე ერთნაირი ენთუზიაზმით მოსაუბრე ნიკოლოზი, ან დიდ გაუგებრობაში მოყოლილი სტეფანე ან სპირიდონი, რომელმაც იგრძნო, რომ ლამის 50-წლიანი ერთმმართველობა შესუსტდა და საკუთარი გავლენების გაფართოება, ამავე ერთმმართველობის ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მოძლიერებულ რადიკალურ, საეჭვო კავშირებით გამორჩეულ და ყველაზე კატეგორიულად მოაზროვნე და მოქმედ ნაწილზე დაყრდნობით გადაწყვიტა. ამ განზრახვაში ის მარტო არაა.. და ასე მოხდა საეკლესიო სივრცის "სპირიდონიზაცია".